Monday, July 15, 2013

ტაძრის აკუსტიკისა და გახმოვანების პრობლემები

ტაძრის აკუსტიკისა და გახმოვანების პრობლემები

samebaალბათ არაერთხელ გვსმენია ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საოცარი აკუსტიკის შესახებ. ძველად არქიტექტორები ფლობდნენ საგანგებო ცოდნას იმისთვის, რომ ტაძარი იმგვარად აეგოთ, რათა მისი მასშტაბების მიუხედავად მრევლს გარკვევით გაეგო როგორც საღვთისმსახურო საკითხავები, ასევე საეკლესიო გალობა. ამის დასადასტურებლად მაგალითისთვის არაერთი ტაძრის მოყვანა შეიძლება. გავიხსენოთ თუნდაც ისეთი მასშტაბის ნაგებობები, როგორებიცაა სვეტიცხოველი, სიონი, ბეთანია, ალავერდი და ა.შ. სასურველი აკუსტიკური სივრცის მისაღებად არქიტექტორები იყენებდნენ თიხის მილებს, მცირე ზომის ქვევრებს, კედლებისა და იატაკის საგანგებო დახრას, რაც ხელს უწყობდა ტაძარში ხმის ზომიერ გავრცელებასა და მოძრაობას. ტაძრის აგებისას არქიტექტორს უნდა გაეთვალისწინებინა არა მარტო ის, რომ სიტყვა და გალობა გარკვევით და თანაზომიერად გაჟღერებულიყო, არამედ ისიც, რომ შენარჩუნებულიყო ლოცვითი განწყობა, სიმყუდროვე და სმენითი კომფორტი. ქართული ტრადიციული არქიტექტურის მქონე ტაძრები, განსხვავებით სხვა სტილის საკულტო ნაგებობებისგან, იგებოდა იმის გათვალისწინებით, რომ იქ ქართული სამხმიანი გალობა უნდა გაჟღერებულიყო (სამი ან მეტწევრიანი გუნდით) და არა სხვა სახის გუნდი ან თუნდაც ინსტრუმენტი. არაერთი ხელოვნებათმცოდნისგან მსმენია, რომ თეორიულად, ხმის შესაბამისად, შესაძლებელია არქიტექტურული ნაგებობის სურათის აღდგენა, თუნდაც საძირკველამდე ყოფილიყო ის დანგრეული. ყურადსაღებია ქართული ტაძრების ზომიერი რევერბირაცია. მრავალ ტაძარში ის ოდნავ მაღლდება წარმოქმნილ ბგერასთან შედარებით.  მკითხველი ისმენს მას და მსახურების განმავლობაში ოდნავ ამაღლებს ტონს, რაც ხელს უშლის ბგერის ტონის პერმანენტულ დადაბლებას, რისკენაც წარმოქმნილი ბგერა ხშირადაა მიდრეკილი. ყოველივე ეს დადებითად აისახება მთელ საღვთისმსახურო ციკლზე კონკრეტულად კი მის დრამატურგიაზე.
საბედნიეროდ დღეს ეკლესიები სავსეა მრევლით. წირვა-ლოცვებზე ტევა არ არის და თუ გავითვალისწინებთ ქართველთა ხმაურიან ხასიათს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ლოცვის ტექსტის ნორმალურად გაგონების პრობლემასაც წავაწყდეთ, რომ არაფერი ვთქვათ ლოცვით განწყობასა და სმენით კომფორტზე.
დღეს მრავალი ახალი ტაძარი იგება და მიუხედავად იმისა, რომ ტრადიცია და კანონიკა დაცულია ხშირ შემთხვევებში, სრულებით იგნორირებულია ტაძრის აკუსტიკა. ამას ემატება ისიც, რომ ტაძრები აღარ იგება იმ საშენი მასალებით, რასაც იყენებდნენ ოდესღაც. ღვთისმსახურების დროს მთელი ტაძარი რეზონირებს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა მასალისგან არის იგი აგებული. ამ მიზეზების გამო წირვა-ლოცვაზე გაუძლიერებელი ტექტსტის მოსმენა პრაქტიკულად შეუძლებელია.
საბედნიეროდ ტექნოლოგიის განვითარებამ მოგვცა საშუალება ტაძრები საგანგებო აპარატურით აღჭურვილიყო, რაც მისცემდა მრევლს საშუალებას უკეთ გაეგოთ ტექსტი და გალობა. მრავალი ეკლესიის მსახურმა დამოუკიდებლად, სპეციალისტების ჩარევის გარეშე, შეიძინა გასახმოვანებელი აპარატურა და თავადვე დაამონტაჟა იგი. იყო ისეთი შემთხვევებიც, სადაც სპეციალისტების მიერ საგანგებოდ შედგენილი პროექტის საფუძველზე ხდებოდა აპარატურის დამონტაჟება.
სანამ კონკრეტულად განვიხილავდე რომელიმე ტაძრის მაგალითს, ალბათ უპრიანი იქნება, თუკი აკუსტიკური სისტემების სპეციფიკის შესახებ ვიტყვი ორიოდე სიტყვას. უფრო კონკრეტულად კი, ორი სისტემის განსხვავების შესახებ გავაკეთებ აქცენტს. ერთ-ერთი მათგანი ე.წ. საკონცერტო სისტემაა, როდესაც აკუსტიკური სისტემა ერთ კონკრეტულ ადგილას (სცენაზე) არის კონცენტრირებული და ერთი მიმართულებით არის მიმართული და მეორე – ე.წ. არქიტექტურული გახმოვანება, სადაც მრავალი მცირე ზომის მონიტორი არის დამონტაჯებული მთელს გასახმოვანებელ პერიმეტრზე. ალბათ მიხვდებით, რომ პირველი შემთხვევა ტაძრის გახმოვანებისთვის სრულიად გამოუსადეგარია. არქიტექტურული გახმოვანების დროს აქცენტი კეთდება არა აპარატურის სიმძლავრეზე, არამედ მონიტორების რაოდენობაზე.

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი

სამების ტაძრის მშენებლობა 2004 წელს დასრულდა. ის რკინა-ბეტონით არის ნაგები. სპეციალური გახმოვანების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია მასში ღვთსმსახურების ჩატარება ისე, რომ გაისმეს საღვთისმსახურო ტექსტი და გალობა. კომპანია, რომელიც დააპროექტებდა და აღჭურვიდა ტაძარს ტენდერის საფუძველზე შეირჩა. ეს პატივი კომპანია mifasi – ს ერგო. ტაძარში დამონტაჟდა ინოვაციური კონტრაპერტურული “Errol” – ის სისტემის აპარატურა, რომელთაც აუდიო ტალღების ჰორიზონტალური გავრცელება გააჩნია. გახმოვანების გულს Symetrix სისტემის აუდიო პროცესორი წარმოადგენს, რომელიც ვირტუალურად რამდენიმე სექციად ყოფს ტაძარს. ყოველ სექციას ინდივიდუალური პარამატრები აქვს მინიჭებული და მათ შორის დისტანცია დაგვიანებული სიგნალით, “delay“-ით არის კომპენსირებული. ტაძარი ხმოვანდება 4 დისტანციური და 12 კონდენსატორული მიკროფონით. მათ შორის სამი გუნდია – ერთი  დიდი (დაახლოებით 50 კაციანი) და ორი მცირე ზომის. ყოველ გუნდს გააჩნია თავისი წინა გამაძლიერებელი Schoeps VMS5U, მიკროფონებით DPA 4006 დაSchoeps ccm4 (შეძენილია “მუსიკის სახლში“). საკითხავებისა და ქასაგებებისთვის Shure MX412Sგამოიყენება.
მიუხედავად მაღალი ხარისხის აპრატურისა, გახმოვანების პრობლემები მაინც არსებობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აკუსტიკური სისტემის ბგერის გავრცელება ჰორიზონტალურად ხორციელდება. აუდიო ტალღები ეფინება მხოლოდ ტაძრის ქვედა ნაწილს და აკუსტიკური სისტემის საგანგებო კონსტრუქცია არ იძლევა საშუალებას ხმა გუმბათისკენ წავიდეს. პრობლემები თავს იჩენს მაშინ, როდესაც ტაძარი ხალხით ივსება. მათი ხმაური აღწევს გუმბათს, ტრიალებს და ახშობს გახმოვანებულ ღვთისმსახურებას. ასეთ დროს აუცილებელი ხდება სიმძლავრის მომატება, რაც შეუძლებელია კონდენსატორული მიკროფონების “Feedback” – ის გამო. საბედნიეროდ Symetrix სისტემას გააჩნია “Feedback” ის ჩამხშობი სისტემა, რაც მეტნაკლებად აგვარებს ამ პრობლემას, მაგრამ ეს მოქმედებს ხმის ხარისხზე, რაც გადამეტებულ ეკვალიზაციაში გამოიხატება.

პრობლემის მოგვარების გზები

რაც არ უნდა რთული იყოს ამა თუ იმ ნაგებობაში აკუსტიკური პირობები, მისი ხარისხიანად გახმოვანება მაინც შესაძლებელია. საამისოდ არსებობენ პროფესიონალი აკუსტიკოსები, აუდიო ინჟინრები და ისეთი კომპანიები, რომლებსაც წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა აძლევთ საშუალებას ყველაზე რთული ამოცანებიც კი გადაწყვიტონ. მაგალითისათვის ერთ-ერთი ასეთი კომპანია გახლავთ Meyer Sound (ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში “მუსიკის სახლი”). მათი სპეციალისტი იყო ჩამოსული საქართველოში და შეაფასა სამების ტაძარში არსებული სიტუაცია. პრობლემა გაცილებით იოლად მოგვარდებოდა შესაძლებელი რომ ყოფილიყო საგანგებო აკუსტიკური მასალებით ტაძრის შებურვა. მათ რეკომენდაცია აკუსტიკური მასალების კომპანია “Akukon”- ს გაუწიეს,მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ მართლმადიდებლურ ტაძარს თავისი სპეციფიკა გააჩნია, ის იხატება სპეციალური პიგმენტის შემცველი საღებავით, რაც საუკუნეების მანძილზე უნდა შენარჩუნდეს. თანამედროვე აკუსტიკური მასალები კი დროს ჯერ არ გამოუცდია. ამიტომ ერთადერთ გადაწყვეტილებად ისევ არქიტექტურული აკუსტიკური სისტემა რჩება. Meyer Sound-მა შეადგინა საგანგებო პროექტი, რომელიც განხორციელების მოლოდინშია. პროექტში ძალიან ბევრი მცირე ზომის მონიტორია ჩადებული, რომელიც მთელი ტაძრის პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს. ეს მონიტორები მცირე ზომისაა და მათი ფერიც საგანგებოდ შეიძლება შეირჩეს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ სისტემის რუპორები მართულია და მათი ტალღის გავრცელება ნებისმიერი სასურველი მიმართულებითაა შესაძლებელი. კომპიუტერული სისტემა იძლევა საშუალებას შევიდეთ თითოეულ მონიტორში და ხელის შეხების გარეშე შევცვალოთ პარამეტრები – ხმის დინამიკა, ეკვალაიზერის პარამეტრები, ტალღის გავრცელების ველი, კუთხე, მიმართულება და მრავალი სხვა… Meyer Sound არ ჩერდება ამ მიღწევებზე და უფრო და უფრო შორს მიდის – მისი თანამედროვე ფსიქო-აკუსტიკური სისტემა ავტომატურ რეჟიმში ცვლის აკუსტიკურ პარამეტრებს იმის მიხედვით, თუ რამდენი ხალხია თავმოყრილი ამა თუ იმ ნაგებობაში.
როგორც ვხედავთ, ნებისმიერი აკუსტიკური სირთულის ტაძარი შეიძლება გახმოვანდეს ისე, რომ მაქსიმალურად სასურველი შედეგი მივიღოთ. თუმცა ტაძრის ბუნებრივ, კარგ აკუსტიკას ვერაფერი შეედრება. საჭიროა აღდგეს ის ცოდნა რაც ჩვენს არქიტექტორებს საუკუნეების მანძილზე გააჩნდათ. ტაძრის შენებისას უნდა იყოს გათვალისწინებული ის მასალები, რომლებიც აკუსტიკოსების მიერაა რეკომენდებული. შენებისას არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ მხოლოდ ტაძრის სილამაზე კი არ არის მთავარი, არამედ მასში წარმოთქმული საღვთისმსახურო ტექსტის და გალობის სრულად გაგება. და რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, გახმოვანებამ არ უნდა იმოქმედოს ლოცვით განწყობაზე, ტაძარში გამეფებულ სიმშვიდეზე.
დავით ხოსიტაშვილი

No comments:

Post a Comment